ჩვენი პარტნიორები ესტონური მოდელის განხილვაზე

23 თებერვალი 2017

23-25 იანვარს ფინანსთა სამინისტროს ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერითა და დაფინანსებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა კახეთში, რომელზეც განიხილეს შემოსავლების სამსახურის მიერ მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელთან დაკავშირებით მომზადებული სიტუაციური სახელმძღვანელოების პროექტები. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და რიგი ქართული და საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები. ATA Partner-ის სახელით შეხვედრას ესწრებოდნენ პარტნიორები - გიორგი კვერხელიძე და ვაჟა პეტრიაშვილი. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული სახელმძღვანელოების განხილვაში და პროექტების ავტორებს წარუდგინეს თავიანთი შენიშვნები და წინადადებები.

იმედს გამოვთქვამთ, რომ სიტუაციური სახელმძღვანელობის საბოლოო ვარიანტებში ასახული იქნება ყველა ის შენიშვნა და წინადადება, რომელიც გამოთქმული იქნა შეხვედრაზე. რადგან აღნიშნული დოკუმენტის მიზანია სწორედ ის, რომ დაეხმაროს გადასახადის გადამხდელებს მოგების გადასახადის რეფორმით გათვალისწინებული სიახლეების დანერგვაში და დეკლარირების პროცესის გამარტივებაში, მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნეს კერძო სექტორის მხრიდან გამოთქმული შენიშვნები.

აღნიშნული ტიპის სამუშაო შეხვედრების მიზანია კერძო სექტორის წარმომადგენლების და შესაბამისად, გადამხდელების მოსაზრებების გაგება და მათი შეძლებისდაგვარად გათვალისწინება კანონმდებლობაში. ჩვენი კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურთან და მონაწილეობს თითქმის ყველა აღნიშნული ტიპის ღონისძიებაში, რაც არის საუკეთესო პლატფორმა ჩვენი კლიენტების ინტერესების წარსადგენად და დასაცავად.